ლაშა დვალი ამსტერდამის “აიაქსში”?
პოლონურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “შლიონსკის” შეხვედრებს ამსტერდამის “აიაქსის” სკაუტები ესწრებიან. ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ ფეხბურთელს აკვირდებიან ამსტერდამელები, თუმცა ვებ-გვერდ przegladsportowy.pl-ს ცნობით, ეს ქართველი მცველი – ლაშა დვალი უნდა იყოს.
სავარაუდოდ, “აიაქსი” ინტერესის სფეროში ლაშა დვალიდან, კამილ დანკოვსკიდან და რიოტა მარიოკადან ერთ-ერთი მოექცა. დიდი ალბათობით, ჰოლანდიელები ქართველს აკვრიდებიან, რადგან 20 წლის კამილ დანკოვსკიმ ძირითად შემადგენლობაში თამაში ბოლო ტურებში დაიწყო, ხოლო მაშინ, როცა სკაუტები შეხვედრებს ესწრებოდნენ, ის სათადარიგოთა რიგებში იყო. რაც შეეხება იაპონელ მარიოკას, ის 25 წლისაა, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ “აიაქსმა” ასეთი ასაკის ფეხბურთელი დაიმატოს.
შეგახსენებთ, რომ დვალი 21 წლისაა. მან პროფესიონალური კარიერა ლატვიურ “სკონტოში” დაიწყო, ირიცხებოდა ინგლისურ “რედინგში”, საიდანაც “ქასიმფაშაში” იყო განათხოვრებული. პოლონურ “შლიონსკში” გადასვლამდე, ის “დუისბურგში” თამაშობდა.
დვალი საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრიც იყო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2015 წელს, გერმანიასთან თბილისში ჩატარებულ შეხვედრაში შედგა.