ლაშა ტალახაძე: ‘აკვრაშიც მინდოდა რეკორდის დამყარება, მაგრამ მწვრთნელებს დავემორჩილე’
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ რუსთავი 2-ის ფეისბუქ ეთერში განაცხადა, რომ მას კიდევ უფრო მეტის აწევა სურდა, მაგრამ მწვრთნელებს დაუჯერა.
შეგახსენებთ, რომ ლაშამ რუსეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარა – ატაცში (222) და ორჭიდში (485). 27 წლის სპორტსმენი ამბობს, რომ მას რეკორდის დამყარება აკვრაშიც უნდოდა.
“რაც გვქონდა გეგმა, მაქსიმალურად არ ვიცი, მაგრამ მიახლოებით მაინც შევასრულე. ჩემ ფიქრებში, ცოტა მეტიც მინდოდა, მაგრამ მწვრთნელების გადაწყვეტილებას დავემორჩილე. ჩემი მთავარი მიზანი მოსკოვში საქართველოს ჰიმნის აჟღერება იყო, რაც შევძელი. მთელმა გუნდმა ასახელა ჩვენი ქვეყანა და ვთვლი, რომ საერთო ჯამში, კარგი გამოსვლა იყო.
აკვრაშიც მინდოდა მსოფლიო რეკორდის დამყარება, მაგრამ მწვრთნელებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს და ალბათ, სწორიც იყო. ატაცში და ორჭიდის ჯამში ახალი მსოფლიო რეკორდები დავამყარე. ეს ძალიან დიდი შედეგებია და ვთვლი, რომ ყველაფერი წინაა. სულ რამდენიმე თვეში ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია და ზედმეტი რისკის დრო არ არის”, – განაცხადა ტალახაძემ.