ლაშა ტალახაძე: ‘ბევრს არ სჯერა ჩემი სუფთად მოღვაწეობის, ამ ადამიანებზე ნაწყენი ვარ’
ლაშა ტალახაძემ ძალოსნობაში დოპინგის საკითხზე კომენტარი გააკეთა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის განცხადებით, დღეს ბევრს აქვს იმის ეჭვი, რომ ის სუფთად არ მოღვაწეობს.
“პირველ რიგში აღვნიშვნავ იმას, რომ გარკვეული პრობლემების წინაშე მეც ვიდექი. დღესდღეობით ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ რის გამო და რატომ. როცა გიორგი ასანიძე ჩვენი მწვრთნელი გახდა, მან განაცხადა, რომ ვინც დოპინგს მიიღებდა ან ამაში შემჩნეული იქნებოდა, მას ნაკრებიდან გაუშვებდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით ყველაზე სუფთა სახეობა საქართველოში ძალოსნობაა.
დღეს ძალოსნობა არის იმის მაგალითი, რომ დოპინგის გარეშეც შეგიძლია მიაღწიო შედეგს. აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, ზედმეტი რისკის ქვეშ არ დააყენოს არც ჯანმრთელობა და არც სპორტული კარიერა.
ბევრს არ სჯერა ჩემი სუფთად მოღვაწეობის, იქიდან გამომდინარე, რომ ყველასთვის დაუჯერებელ შედეგებზე მივდივარ. არის ხოლმე რაღაც მითქმა-მოთქმა, ეს ჩემამდეც მოდის და გულის სიღრმეში, წყენაც მაქვს ამ ადამიანებზე. თუმცა, მე ვიცი, რომ მართალი ვარ და დღეს წარმატებას დოპინგის გარეშე ვაღწევ”, – განაცხადა ტალახაძემ ტელეკომპანია მთავარის ეთერში, გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში”.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა აღარ იყოს.