ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია
პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს 3 ოქროს მედალი მოიპოვა და 7 მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა თურქმენეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა და 2 რეკორდიც დაამყარა. პირველ მისვლაზე 207 კგ. დაძლია, მეორე მისვლაზე აწეული 212 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ხოლო ორიოდ წუთში საკუთარი რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა და 217 კილოგრამი აიტაცა.
ტალახაძემ აკვრაში 245, 252, 257 დაძლია და სამივე მისვლა სარეკორდო გამოდგა! ასევე სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა ორჭიდის ჯამშიც (474 კგ.), სადაც საუკეთესო შედეგი ორჯერ აჩვენა!
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი თურმანიძემ ატაცში სამივე ცდა (195, 200, 203) ბრწყინვალედ შეასრულა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო აკვრაში გათამაშებას მიღებული ტრავმის გამო გამოეთიშა.