ლაშა ტალახაძე: “საქართველოს დატოვებაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია”
ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე აცხადებს, რომ მას საქართველოს დატოვებაზე ერთი წამითაც არ უფიქრია.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინტერვიუ, რომელშიც ძალოსანი ოლიმპიადის მოგების შემდეგ ჩასარიცხ თანხებზე საუბრობდა. ასევე, ტალახაძის თქმით, მისი გადაბირების სურვილი არაერთ ქვეყანას აქვს, რომლებიც მას დიდ თანხებს თავაზობენ და შესაძლებელია, რომ მათ წინადადებაზე დაფიქრდეს კიდეც.
“ოლიმპიურ ჩემპიონზე სურვილი, შეიძლება, ნებისმიერმა ქვეყანამ გამოთქვას. წინააღმდეგი არავინ იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემში არ ზის. მე საქართველოში ვრჩები.
მეც მომესმა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს დატოვებას ვაპირებ. ეს ასე არ არის, საქართველოს დატოვებაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია”, – უთხრა 23 წლის სპორტსმენმა ტელეკომპანია მაესტროს.
ცნობისთვის, ქართველი ძალოსნები ხორვატიაში 2-12 აპრილს ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადებიან.