ლაშა ტალახაძე სხვა ქვეყნით გამოსვლაზე: “შეიძლება, მართლა დაფიქრდეს ადამიანი წასვლაზე”
ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ სხვა ქვეყნის მხრიდან მისთვის გაკეთებულ შეთავაზებებზე კომენტარი გააკეთა.
საქართველოს ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ამბობს, რომ სამშობლოს ჰიმნი ააჟღეროს, თუმცა კარიერის დასასრულისკენ უცხოეთში წასვლასაც არ გამორიცხავს.
“მქონია შემოთავაზებები, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე გავმხდარიყავი. თავიდან როცა მთავაზობდნენ, ერთ ყურში შევუშვებდი და მეორეში გამოვუშვებდი. ნებისმიერი თანხა, რომელსაც შემომთავაზებდნენ, ჩემთვის მიუღებელი იყო. დღემდე ასე ვარ – საქართველოს ჰიმნი უნდა აჟღერდეს. მაგრამ ერთი ის არის, რომ სპორტსმენი რაც უფრო პიკისკენ მიდიხარ, უკან რომ მოიხედავ, ტიტულებთან ერთად რაღაც უნდა დაგრჩეს. შენზე ძალიან ბევრი ადამიანია დამოკიდებული. იმ ადამიანებსაც სჭირდებათ გვერდზე დგომა. ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვფიქრობ სადმე წასვლაზე, მაგრამ პიკისკენ, თუ არაფერი შეიცვლება სასიკეთოდ, შეიძლება, მართლა დაფიქრდეს ადამიანი წასვლაზე. ალბათ, შენც უნდა მოიწყო, სპორტსმენმა, ცხოვრება. ახლა, საქმეები როგორც მიდის, კმაყოფილი ვარ”, – თქვა ტალახაძემ რადიო უცნობის ეთერში.