ლაშა ტალახაძემ სალიმისთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
აშშ-ში გამართული ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ლაშა ტალახაძემ ბეჰდად სალიმისთან დაკავშირებით ისაუბრა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა “სპორტის საათში” სტუმრობისას, ოლიმპიურმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ სალიმიმ მას გამარჯვება რამდენჯერმე მიულოცა.
“როცა სალიმიმ 252 კგ. დააფიქსირა, მსაჯებმა ჩაუთვალეს, ჟიურიმ კი გაუუქმა. მან ჩვენ სახეზე შეატყო, რომ ალბათ, იმ წონის ჩათვლა შეიძლებოდა. თუმცა, ჟიურის ვერ დავადანაშაულებ, რადგან ისინი უკეთ ხედავდნენ, რა მოხდა.
რაც შეეხება მედლების ჯიბეში ჩადებას, სალიმის უკმაყოფილება ჩემს მიმართ არ გამოუხატავს, ის ჟიურით იყო უკმაყოფილო. მას უკვე ორ შეჯიბრზე შეეძლო მეორე ადგილი დაეკავა, თუმცა ეს შანსი დაკარგა. ის ოლიმპიური ჩემპიონია და ალბათ, თვითონაც გათვითცნობიერებული აქვს, რომ ასეთი წაგება არ ეკადრება. პირადად მე, ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ მისი მაინც მესმის. სალიმი ჩემთან მოვიდა და გამარჯვება გულით მომილოცა”, – თქვა ტალახაძემ.