ლაშა ტალახაძეს ბათუმში საჩუქრად ბინა გადაეცემა
ქართველ ძალოსან ლაშა ტალახაძეს, რომელმაც 17 აგვისტოს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, სამშენებლო კომპანია “სვეტი” ბათუმში საჩუქრად ბინას გადასცემს.
ასევე, რიოში გამგზავრებამდე, ბინები აჭარის რეგიონის წარმომადგენლებს – შმაგი ბოლქვაძესა და ირაკლი თურმანიძესაც გადაეცათ.
გუშინ, სოციალურ ქსელ Facebook-ში, “სვეტის” ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა.
“ვულოცავთ ჩვენს სახელოვან ძალოსანს ლაშა ტალახაძეს რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედლის მოპოვებას. მას ჩვენი კომპანიისგან „ოლიმპიური ოქროს მედალი – ერთი ბინა ოლიმპიურ ქალაქში“ აქციის ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა ბინა ბათუმში, ,,სვეტის“ მშენებარე კომპლექსში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი თურმანიძეს და შმაგი ბოლქვაძეს, რომლებმაც გუშინ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ჩვენმა კომპანიამ უკვე გადასცა საჩუქრად ბინები „სვეტის“ ოლიმპიურ ქალაქში ბათუმში, როგორც ლიცენზიანტებს აჭარის რეგიონიდან.
22 წლის ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც წლევანდელ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ამავდროულად ჯამში დაძლეული 473 კგ-ით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას ყველა დარჩენილ ქართველ ოლიმპიელს!”