ლაუტაროს აგენტი: “რეალისა” და “ბარსელონას” ინტერესი მასზე არ მოქმედებს”
მილანის “ინტერის” არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლაუტარო მარტინესის, გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. ამ საკითხთან დაკავშირებით პრესასთან საკუთარი მოსაზრება ფეხბურთელის აგენტმა ბეტო იაკემ დააფიქსირა.
“როგორც ამბობენ, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” მისი გადაბირება სურს, თუმცა მათი ინტერესი ლაუტაროზე არ მოქმედებს. მის ადგილას სხვა ფეხბურთელები, ალბათ, ღამითაც ვერ დაიძინებდნენ.
ის არასოდეს მირეკავს იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ესა თუ ის ჭორი. ლაუტარო მხოლოდ არსებულ პროცესზე არის კონცენტრირებული.
ბევრ ადამიანთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუმცა სერიოზული არაფერი მომხდარა. ამ დროისთვის, კლუბის ლიდერები ჩემთან კავშირზე არ გამოსულან.
მისი მუდმივი ზრდა იმის მაჩვენებელია, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბები ახლოდან აკვირდებიან. იმედი გვაქვს, რომ ეს შრომა დაუფასდება,” – აცხადებს ბეტო იაკე.