“ლაციოს” სარეზერვო მაისური ფაშისტური პარტიის უნიფორმას შეადარეს
ფრანგულმა გამოცემა “ლე მონდმა” რომის “ლაციოს” ახალი სარეზერვო ფორმა გააკრიტიკა. მაისურის ფერმა ჟურნალისტებს ბენიტო მუსოლინის მმართველობის დროს არსებული ნაციონალური ფაშისტური პარტიის შავი უნიფორმა გაახსენა. გარდა ამისა, კლუბის ლოგოზე გამოსახული არწივის სილუეტი ფრანგული გაზეთის თანამშრომლებმა მესამე რაიხის გერბს შეადარეს.
შეგახსენებთ, რომ “ლაციოს” ფანების ნაწილი ულტრამემარჯვენე შეხედულებებით გამოირჩევა. კლუბის ყოფილი კაპიტანი პაოლო დი კანიო კი გოლს ფაშისტური მისალმებით აღნიშნავდა.
“ლაციოს” მარკეტინგის სამსახურის უფროსმა მარკო კანიჯანიმ გამოცემის ბრალდებებს აბსურდული უწოდა და დამატებითი განმარტებაც გააკეთა.
“მესამე ფორმა მუქი ფერის უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენი საშინაო მაისური ცისფერია, საგარეო კი – თეთრი. ცოტა ვარიანტი გვქონდა, ეს ბრალდებები აბსურდულია”, – კანიჯანის სიტყვები “მირორმა” გამოაქვეყნა.