ლებრონ ჯეიმსი მაიკ მილერს „კლივლენდში“ იწვევს
ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი თავისუფალ აგენტ მაიკ მილერს დაუკავშირდა, რათა იგი „კლივლენდ კავალიერსში“ გადასვლაში დაარწმუნოს, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს.
პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ლებრონი „კავალიერსში“ ბრუნდება.
აქამდე მილერი „დენვერ ნაგეტსში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ჯეიმსის წინადადების შემდეგ კოლორადოელებთან მოლაპარაკება დროებით შეწყვიტა, რათა კარიერის გაგრძელების ახალ ვარიანტს გადახედოს.
ჯეიმსმა და მილერმა „მაიამიში“ ერთად 3 სეზონის განმავლობაში ითამაშეს და ამ პერიოდში დამეგობრებაც მოასწრეს. 34 წლის მცველი „ჰიტში“ თამაშისას ხშირად ტრავმებს იღებდა, რის გამოც ფლორიდელებმა იგი ამნისტიის წესით გაუშვეს.
განვლილი სეზონი მილერმა „მემფის გრიზლისში“ ჩაატარა და რეგულარული ჩემპიონატის ყველა 82 მატჩში ითამაშა. მისმა საშუალო მონაგარმა კი, 7,1 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად ვეტერანის 3-ქულიანი სროლების სიზუსტის მაჩვენებელმა 46% შეადგინა.