ლებრონს ჩელიაბინსკის „დინამოშიც“ ელიან
რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ამ ქალაქში მცხოვრებმა კალათბურთის მოყვარულებმა ვებსაიტ change.org-ზე ადგილობრივი კლუბის ხელმძღვანელობას „მაიამი ჰიტის“ ვარსკვლავის ლებრონ ჯეიმსის დამატების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ცნობისთვის, აპრილში ჩელიაბინსკის საკალათბურთო კლუბი „დინამო“ აღორძინდა. აქამდე ქალაქის გუნდი სახელად „დინამო-ტეპლოსტროი“ რუსეთის სუპერლიგა ბ-ში გამოდიოდა და ფინანსური პრობლემების გამო 2010 წელს არსებობა შეწყვიტა.
ახალ სეზონში კლუბის ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი მოთამაშეთა აღზრდაა, რათა მათ მომავალში „დინამო“ რუსეთის უმაღლეს ლიგაში წარადგინონ.
აღსანიშნავია, რომ ხელმომწერებმა თავის პეტიციაში შემდეგი რამ დაწერეს: „ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი მოთამაშის ყოფნა ბავშთა, სტუდენტური, სამოყვარულო და პროფესიული სპორტის განვითარების საწინდარი იქნება“.
გეტყვით იმასაც, რომ ლებრონ ჯეიმსის შეძენის სურვილი ფრანგულმა „დიჟონმა“ გამოთქვა, რომელმაც ცნობილ კალათბურთელს წინადადებითაც კი მიმართა.