ლეგენდარული თავდამსხმელების შვილები ნაკრებში ერთად შეუტევენ!
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდა, რომლის ნაცვლად ვილი სანიოლმა გიორგი წიტაიშვილი გამოიძახა.
წიტაიშვილმა რამდენიმე საათის წინ “ჩერნომორეცის” რიგებში შეცვლაზე ითამაშა და მისი გამოძახება დაახლოებით 30 წუთია, რაც ოფიციალურად დადასტურდა.
წიტაიშვილი სექტემბრის მატჩებში ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელთან, გიორგი ფანცულაიასთან ერთად შეუტევს. ფანცულაია 10 გოლით ეროვნული ლიგის ლიდერია.
ორივე გიორგი ლეგენდარული თავდამხსმელების შვილები არიან. წიტაიშვილი კლიმენტი წიტაიშვილის შვილია, რომელმაც კარიერა 1993 წელს “დინამო ზუგდიდში” დაიწყო და “დინამო თბილისსა”, ქეცბაიას “ანორთოსისში”, “ჰაპოელსა” და სხვა გუნდებში ჯამში 80-ზე მეტი გოლი შეაგდო. კლიმენტიმ გიორგი ჯერ “ანორთოსისის” აკადემიაში შეიყვანა, შემდეგ იყო “ბარსელონა” და ბოლოს კიევის “დინამო”, საიდანაც “ჩერნომორეცში” გაანათხოვრეს. კლიმენტიმ დიდი როლი ითამაშა წიტაიშვილის საქართველოს ნაკრების არჩევაში.
გიორგი ფანცულაია მამუკა ფანცულაიას ვაჟია. მამუკამ 1985 წელს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და ფინალში დუბლი შეასრულა, შემდეგ კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. იგი ერთადერთი ქართველია, ვისაც ასეთი პატივი ერგო. მამუკამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების პირველ ისტორიულ შეხვედრაში ლიტვის წინააღმდეგ. 1990 წელს ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა გია გურულთან ერთად 24 გოლით. 52 წლის ასაკში მამუკა მოულოდნელად გარდაიცვალა და სამწუხაროდ, ვერ მოესწრო გიორგის ნაკრებში გამოძახებას. 27 წლის გიორგი ფანცულაია დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი თავდამსხმელია და შესაძლოა, მომდევნო სეზონში უკვე საზღვარგარეთ ვიხილოთ.
ფანცულაია-წიტაიშვილი