ლეგიონი: კაშიამ იმარჯვა, ნავალოვსკიმ – წააგო; ორივემ შეუცვლელად ითამაშა!
დღეს ერედივიზიონის 28-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
არნემის “ვიტესი, რომლის კაპიტანიც, გურამ კაშიაა, საკუთარ მოედანზე “ნაიმეგენს” დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით (2:1) დასრულდა. არენემელთა მხრიდან 28 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი, ვან ვოლფსვინკელი დუბლით გამოირჩა. ერთი ბურთის გაქვითვა ფრანს კადიოგლუმ მოახერხა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა შეუცვლელად ითამაშა.
ამ გამარჯვებით “ვიტესს” 42 ქულა დაუგროვდა და მეხუთე ადგილზეა. იგი მეოთხეადგილოსან “უტრეხტს” ხუთი ქულით ჩამორჩება.
გადავინაცვლოთ აზერბაიჯანის ჩემპიონატში, რომლის ბაქოს “ნეფთჩიშიც” ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. დღეს ეს გუნდი 23-ე ტურში საკუთარ მოედანზე “ყარაბაღს” შეხვდა.
თავიდანვე პოზიტიურით დავიწყებ და გეტყვით, რომ ქართველმა მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. თუმცა, მისმა კლუბმა პირველ ტაიმში გაშვებული ორი ბურთის შემდეგ, ვეღარაფერი მოახერხა და საბოლოოდ, 0:2 წააგო.
ამ მარცხის შედეგ დედაქალაქურ კლუბს 26 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. იგი მეოთხეადგილოსან “ზირას” ოთხი ქულით ჩამორჩება.