ლეგიონის ამბები
გთავაზობთ გასულ უიკენდზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოთამაშე ქართველა ფეხბურთელთა მონაგარს.
ბუნდესლიგაში “ჰერტამ” ბრემენის “ვერდერს” უმასპინძლა და 3:2 მოუგო. მასპინძელთა შემადგენლობაში ლევან კობიაშვილი შეხვედრაში 81-ე წუთზე ჩაერთო. 16 ტურის შემდეგ ბერლინელები მეშვიდე ადგილზე არიან.
იტალიის სერია B-ში “ემპოლიმ” “ჩეზენას” უმასპინძლა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ირაკლი შეყილაძე სათადარიგოთა სკამზე იყო, ხოლო ლევან მჭედლიძე თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. 18 ტურის შემდეგ “ემპოლი” მეორე ადგილზეა და ლიდერ “პალერმოს” 1 ქულით უსწრებს.
ჰოლანდიის ჩემპიონატის მორიგ მატჩში “ვიტესმა” “ბრედას” უმასპინძლა. შეხვედრა უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა. როგორც ყოველთვის ძირითადში იყო და სრული შეხვედრა ჩაატარა გურამ კაშიამ. ყაზაიშვილი-ჭანტურია კი, მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იყვნენ.
თურქულ სუპერლიგაში ხიზანიშვსილის “ქაისერისპორი” “ესქიშეჰირსპორს” შეხვდა და 1 ქულა მოიპოვა. ქართველმა მცველმა 90 წუთი იყო მინდორზე.
15 ტურის შემდეგ “ქაისერი” ბოლოსწინა, მეჩვიდმეტე პოზიციაზეა 11 ქულით.
პოლონეთში ფოფხაძე-ძალამიძის “იაგელონიამ” ლოძის “ვიძევს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ფოფხაძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო ძალამიძე კვლავ დაშავებულია. მის დაბრუნებას ექიმები იანვარში ვარაუდობენ.
ლადო დვალიშვილის “ლეგიამ” “კრაკოვია” მიიღო და 4:1 დაამარცხა. დვალიშვილმა მოედანზე 68 წუთი გაატარა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
პორტუგალიაში ავთანდილ ებრალიძის “ჟილ ვისენტე” “ეშტორილს” სტუმრობდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით (2:0) დასრულდა. ებრალიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა. 13 ტურის შემდეგ “ჟილ ვისენტე” მერვე პოზიციაზეა.