‘ლელო’ და ‘იპონი’
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები წლის მნიშვნელოვანი ტურნირისთვის, მსოფლიო ახალგაზრდული ალაფისათვის აგრძელებს მზადებას. როგორც მოგეხსენებათ წლეულს ტურნირი მაისში ლისაბონში იმართება, სადაც ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელი პორტუგალიის თანატოლთა ნაკრებ გუნდებს შეერკინება. შეგახსენებთ, რომ ალაფის გამარჯვებული მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
მზადების ფარგლებში 20-წლამდელებმა აქამდე უპრეცენდენტო, მენტალური გამძლების შეკრება გაიარეს, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 8-დან 11 იანვრის ჩათლის რეინჯერთა მომზადების ცენტრში გაიმართა.
წარმატებული შეკრებით ზურგ-გამაგრებულმა, ახალგაზრდა ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნოვატორულ იდეებს უმატა და ოლიმპიური მზადების ცენტრთან ერთად 20-წლამდელების და ჭაბუკი ძიუდოისტების ერთობლივი წვრთნა დაგეგმა.
„ეს ვარჯიში ოლიმპიური მზადების ცენტრის ძიუდოს მწვრთნელ, გოჩა ბერაძესთან ერთად დავგეგმეთ. წვრთნა ორ ეტაპიანია და მოიცავს, როგორც დარბაზში ჭიდაობის, ასევე შევარდენის სანაკრებობაზაზე სარაგბო ვარჯიშების გამართვას. მიმაჩნია, რომ ამით ბევრ სასარგებლოს და საინტერესოს ვისწავლით ერთმანეთისგან“ განაცხადა 20-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა, ილია მაისურაძემ.
პირველი ეტაპი 22 იანვარს გაიმართა, როდესაც ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს ოლიმპიური მზადების ცენტრში ძიუდოს ჭაბუკთა და კადეტთა ნაკრების მოჭიდავეებმა უმასპინძლეს. აღსანიშნავია, რომ ამ სპორცმენებისგან შეირჩევა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც ევროპის ახალგაზრდულ თამაშებში (თბილისი 2015) იასპარეზებს.
აქ მორაგბეებზე ხელმძღვანელობა ძიუდოს მწვრთნელმა, გოჩა ბერაძემ გადაიბარა. სპორტსმენებმა ტატამს რამდენიმე წრე დაარტყეს, კარგა გვარიანად გახურდნენ და დადგა ჭიდაობის მასტერკლასის დროც.
„ბიჭები აქ საკმაოდ საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ, ვინაიდან ძიუდოს განსხვავებული სამწვრთნელო პროცესი აქვს, სხვა ტიპის ფიზ-მომზადებაა და კუნთების სულ სხვა ჯგუფს ადგება ძალა. დარწმუნებული ვარ ეს ვარჯიშები ბიჭებს მოედანზე რაქში თუ მოლში ორთაბრძოლისას წაადგებათ.“ განაცხადა 20-წლამდელების ფიზ-მომზადების მწვრთნელმა, გიორგი ნადარეიშვილმა.
როგორც გოჩა ბერაძემ, ვარჯიშის დასრულების შემდეგ განაცხადა, იგი ახალგაზრდა ბორჯღალოსნების ფიზ.მომზადებით კმაყოფილია „ბიჭები მაქსიმალურად დავღალეთ. მათ ფაქტიურად პირველი შეხება ჰქონდათ ტატამთან და კიმანოსთან, მაგრამ ჩანს რომ ძალიან ძლიერი ბიჭები არიან. ჩანს, რომ მათ მომზადებაში დიდი შრომაა ჩადებული. როგორც ძიუდოს სპეციალისტმა მინდა ვთქვა, რომ მორაგბეები ტოლს არ უდებდნენ ჩვენ ბიჭებს. ეგ კი არა, სხვა კუთხიდან, რომ შეგეხედა იფიქრებდი ძიუდოისტი ძიუდოისტს ეჭიდავებოდა.“
ერთობლივი წვრთნის მეორე ეტაპი 24 იანვარს, შევარდენის სანაკრებო ბაზის მოედანზე გაიმართა. აქ ძიუდოისტებს 20-წლამდელეთა სამწრთნელო შტაბთან ერთად, ეროვნული ნაკრების ფიზ.მომზადების მწვრთნელი, ირაკლი ჭყონია დახვდათ.
ორაგბეებმა და მოჭიდავეებმა მოედანს ჯერ რამდენიმე წრე დაარტყეს, მერე კი სპრინტერული ვარჯიშების და აჩქარებების გაკეთება მოუწიათ. გახურების შემდეგ სპეციპიური სარაგბო ვარჯიშების დრო დადგა.
„განსხვავებული სპორტებია და სპეციფიკიდან გამომდინარე, ძიუდოისტებს ადაპტირება მოუწიათ ჩვენს ფიზ-მომზადების ვარჯიშებთან. ვარჯიშებისდაგეგმვაც ამ სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება. მიუხედავად ამისა, მოჭიდავეებმა ყველაფერს ალღო კარგად აუღეს და ვარჯიშებს თავი კარგად გაართვეს. კარგი და ღონიერი ბიჭები არიან.“ განაცხადა ირაკლი ჭყონიამ.
Rugby.GE