ლეონარდო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან 8,5 მილიონ ევროს ითხოვს
„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულ დირექტორ ლეონარდოს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან, კომპენსაციის სახით, 8,5 მილიონი ევროს მიღებას სურს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში „ვალანსიენთან“ მატჩის შემდეგ (1:1) ბრაზილიელმა მთავარ მსაჯ ალექსანდრ კასტროს მხარზე ხელი ჰკრა. ხსენებულ შეხვედრაში კასტრომ პარიზელთა კაპიტანი ტიაგო სილვა გააძევა.
აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბრაზილიელი მენეჯერი 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. პსჟ-დან წასვლის შემდეგ კი ლეონარდოს დისკვალიფიკაცია თოთხმეტ თვემდე გაიზარდა და ყველა ქვეყანაზე გავრცელდა. თუმცა, 2013 წლის თხუთმეტ ოქტომბერს სასამართლომ ლეონარდოს დისკვალიფიკაცია გააუქმა.
ახლა სამხრეთამერიკელმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან ფულადი კომპენსაცია მოითხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ფედერაცია მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, საქმე სასამართლოს გადაეცემა.