ლეონარდომ ნეიმართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
“პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ განაცხადა, რომ ნეიმარს გუნდის დატოვება იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ რომელიმე კლუბიდან ყველასათვის მისაღები შემოთავაზება იქნება.
“თუ ყველასათვის მისაღები შემოთავაზება იქნება, ნეიმარს “პარი სენ-ჟერმენის” დატოვება შეეძლება. თუმცა, ამჟამინდელი მდგომარეობით, არ ვიცით, ვის სურს მისი შეძენა ან რა თანხას იხდიან მასში. მსგავსი საკითხები, რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ წყდება.
ყველასათვის ნათელია, რომ ნეიმარს გუნდის დატოვება სურს, მაგრამ ეს ფეხბურთია, დღეს ერთ რამეს ამბობ, ხვალ – სხვას. საოცრებაა, მაგრამ ასეა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ერთი რა უნდა გვახსოვდეს: მას ჩვენთან კონტრაქტის ამოწურვამდე სამი წელი აქვს დარჩენილი და სანამ შემოთავაზებას არ მივიღებთ, მის ტრანსფერზე ვერ ვიფიქრებთ. პსჟ იმედს ამყარებს იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც გუნდში დარჩენა და რაღაც დიდის აშენება სურთ”, – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Goal.Com.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარის შეძენა “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” სურთ.