ლეონარდუ ჟარდიმი: “გაფუჭებული პენალტი გადამწყვეტი გამოდგა”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და “მონაკოს” შორის გამართული შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მონაკოელთა თავკაცმა ლეონარდუ ჟარდიმმა განაცხადა, რომ მატჩის 50-ე წუთზე რადამელ ფალკაოს მიერ გაფუჭებული პენალტი გადამწყვეტი გამოდგა.
“პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ეს, ალბათ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მატჩი იყო. გულშემატკივრებისთვის მართლაც საოცარი შეხვედრა გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამ შესანიშნავი შეხვედრისგან, შემტევი ფეხბურთისა და რვა გატანილი გოლისგან დიდი სიამოვნება მიიღეს. ვფიქრობ, “მონაკომ” ბრწყინვალედ ითამაშა, ფეხბურთელებს ვულოცავ კარგ თამაშს. დაცვაში მცირე შეცდომები დავუშვით, გაფუჭებული პენალტი კი გადამწყვეტი გამოდგა, ვინაიდან 3:1 დაწინაურების შანსი ხელიდან გავუშვით.
კალიან მბაპე შეტევაში გავამწესე, ვინაიდან ვიცოდით, რომ “სიტის” მცველები ზურგს მოაშიშვლებდნენ. მბაპე ძალიან სწრაფია და ბევრს მოძრაობს. ვფიქრობ, მან დიდებული შეხვედრა ჩაატარა. იგი მხოლოდ 18 წლისაა, ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა. ეს ჩვენი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი გახლდათ. გუნდების მიერ დაშვებულ შეცდომათა რაოდენობას შორის განსხვავება, ალბათ, პირდაპირ უკავშირდება მოთამაშეთა ასაკს შორის სხვაობას.
რადამელ ფალკაო გამორჩეული თავდამსხმელია, მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ყველაფერი არ გამოუვიდა. რაც შეეხება სერხიო აგუეროს, ისიც მსოფლიო დონის ფორვარდია.
წინ კიდევ 90 წუთია და ამ დაპირისპირებაში ჯერ არაფერი გადაწყვეტილა”, – ლეონარდუ ჟარდიმის კომენტარი უეფას პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.