„ლესტერის“ ჩემპიონობის შემთხვევაში, ბუკმეკერები ათ მილიონამდე გადაიხდიან
იმ შემთხვევაში, თუ „ლესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონი გახდება, ბრიტანელ ბუკმეკერებს ათ მილიონ ფუნტამდე გადახდა მოუწევთ, იუწყება BBC.
სეზონის წინ „ლესტერის“ ჩემპიონობაზე კოეფიციენტი 5000-ს შეადგენდა, შობისთვის კი ეს მაჩვენებელი 1000-მდე შემცირდა.
„ლესტერის“ გამარჯვება ფსონების ისტორიაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება. ჩვენთვის ეს საშინელი ფინანსური შედეგი გამოდგება, რეკორდული თანხების გადახდა მოგვიწევს“, – განაცხადა საბუკმეკერო კომპანია „Ladbrokes“-ის დირექტორმა ალექს დონაჰიუმ.
ერთ-ერთმა ბრიტანულმა კომპანია „Betfred“-მა უკვე ყველას გადაუხადა, ვინც ფსონი „ლესტერის“ მოგების სასარგებლოდ გააკეთა. „არამგონია, ვინმემ მათი გასწრება შეძლოს“, – განაცხადა „Betfred“-ის ხელმძღვანელმა ფრედ დანმა.
სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „ლესტერ სიტი“ ცხრილს 73 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ტოტენჰემს“ 5 ქულით უსწრებს.