“ლესტერის” ფანები ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის ვარდის სახელის მინიჭებას ითხოვენ
ინგლისის პრემიერლიგის ლიდერ “ლესტერ სიტის” ფანები გამოდიან ინიციატივით, რომ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას მიმდინარე სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირის, ჯეიმი ვარდის სახელი ეწოდოს. ამ წინადადებით კლუბის ქომაგებმა შესაბამის ორგანოს უკვე მიმართეს. განცხადებაში ხაზგასმულია ის წვლილი, რაც “ლესტერის” წარმატებულ ასპარეზობაში 29 წლის თავდამსხმელს ეკუთვნის.
სხვათა შორის, “ლესტერ სიტის” ფანები ანალოგიური ინიციატივით 2005 წელსაც გამოვიდნენ, რის შემდეგაც კლუბის ბაზის მიმდებარე ქუჩას გარი ლინეკერის სახელი (Lineker Road) ეწოდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჯეიმი ვარდის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 19 გოლი აქვს გატანილი, რითაც ის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.