“ლესტერმა” “საუთჰემპტონი” გაანადგურა – 0:9
25 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მეათე ტური “საუთჰემპტონისა” და “ლესტერ სიტის” დაპირისპირებამ გახსნა. ექსპერტები თანაბარ დაპირისპირებას ვარაუდობდნენ, თუმცა მათი ვარაუდები არ გამართლდა.
“სენტ მერის სტედიუმზე” ძლიერ წვიმას გოლების სიუხვეც დაერთო. მეათე წუთზე ანგარიში ჩილუელმა გახსნა, რასაც ორიოდ წუთში ბერტრანდის წითელი ბარათი მოჰყვა. ამ ყოველივემ საბოლოო დაღი დაასვა “წმინდანების” იმედებს. მასპინძლებმა პირველ ტაიმში კიდევ ოთხი გოლი მიიღეს – თავი ტილემანსმა (17′), აიოსე პერესმა (19′, 39′) და ჯეიმი ვარდიმ (45′) გამოიჩინეს.
ვითარება არც მატჩის მეორე ნახევარში შეცვლილა, რამდენადაც ბრენდან როჯერსის გუნდი “საუთჰემპტონის” განადგურებას აგრძელებდა. 57-ე წუთზე პერესმა ჰეთ-ტრიკის შესრულება შეძლო, რასაც ერთი წუთის ინტერვალში ჯეიმი ვარდი მეორე გოლი მოჰყვა. 85-ე წუთზე თავისი გოლი ჯეიმს მედისონმაც გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი თამაშის მესამე დამატებულ წუთზე ჯეიმი ვარდიმ დააფიქსირა – 0:9.
ასე რომ, 10 ტურის შემდეგ “მელიებს” 20 ქულა უგროვდებათ აქტივში და ჯერჯერობით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებენ. მომდევნო ტურში ისინი “კრისტალ პალასს” ეწვევიან.