ლევან კობიაშვილი: “ფეხბურთის ფედერაცია 2021 წელს 1 თეთრსაც არ აიღებს”
“2021 წელს სახელმწიფოსგან არც ერთ თეთრს აღარ ავიღებთ” – განუცხადა ლევან კობიაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” და დაადასტურა, რომ ფეხბურთის ფედერაცია პირველი ფედერაცია გახდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტისგან აღარ დაფინანსდება.
“ფეხბურთის ფედერაციაში მოსვლის დღიდან ვიძახით, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, სახელმწიფოდან უფრო და უფრო ნაკლები თანხები მივიღოთ. ეს იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო პროგრამით ყველა ფედერაცია ფინანსდება და გარკვეული თანხა წინასწარ დამტკიცებული გვქონდა. ასე იყო, მაგალითად, გასულ წელსაც – მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და 6,7 მილიონიდან 4,2 მილიონი ავითვისეთ. მანამდე იყო წლები, როდესაც ასევე გაცილებით ნაკლები გამოვიყენეთ. ანუ ამ გადაწყვტილებამდე მიზანმიმართულად მივდიოდით და ამას ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვამბობდით – ფეხბურთის ფედერაციამ და მიმაჩნია, ბევრმა სხვა მიმართულებამაც თავად უნდა მოიპოვოთ დაფინანსება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც შეიძლება, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული.”
“ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და 2021 წელს სახელმწიფოსგან არც ერთ თეთრს აღარ ავიღებთ. ბოლო წლებში მსგავს პრეცედენტს ვერ გავიხსენებ. ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად იმიტომაც გადავდგით, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სახელმწიფოს ვუხარით, რომ არ გვინდა ის 6,7 მილიონი, რომელიც წინასწარ გვქონდა დამტკიცებული. კონსულტაციები გვქონდა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან და გადაწყვეტილება წინასწარ ვაცნობეთ.”
“ორი საკითხი უნდა გავმიჯნოთ – ეს არ ეხება კლუბების დაფინანსებას. ფეხბურთის ფედერაცია არაა ამაზე პასუხისმგებელი და შესაბამისად, ამაზე უარსაც ვერ იტყვის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსების ნაწილზე ვსაუბრობთ. გვაქვს იმის რესურსი, რომ შემოსული თანხებით ფედერაციის საქმიანობა უზრუნველვყოთ. გვყავს პარტნიორები და მხარდაჭერისთვის მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. გვგონია, რომ ძალიან სწორი და გამართლებული გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, ეს არაა შემთხვევითი. ამას სულ ვამბობდით და ეს საქმით დავადასტურეთ.”
“მესმის იმ ადამიანების, ვინც ზოგადად ამ საკითხებში ჩახედული არაა და ჰგონია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ხალხის ფულს ხარჯავდა. რეალურად, თანხები ფეხბურთის ფედერაციის არც ერთ თანამშრომელს არ ხმარდებოდა და მიზნობრივად იხარჯებოდა. თანაც ვიმეორებ, ამ სახსრებს ჩვენ მიზანიმართულად სრულად არ ვითვისებდით და ვცდილობდით, საკუთარი ძალებით სხვა ფინანსური რესურსები მოგვეზიდა და მათ ხარჯზე გვეარსება. ბოლო ათწლეულებში პირველად მოხდება, რომ ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული არ იქნება”
“სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხები სანაკრებო ხარჯებზე იყო გაწერილი და მომავალ მწვრთნელთან და მის ხელშეკრულებასთან კავშირში არ აქვს. ამას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს – ესაა ჩვენი ვალი. ნამდვილად ძლიერი სპონსორები გვყავს. ფეხბურთის ფედერაციის ყველა ხარჯს, მათ შორის, ახალი მთავარი მწვრთნელის ჩამოყვანის ხარჯს, თავის პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად უზრუნველყოფს”, – თქვა კობიაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში.