ლევან კობიაშვილი გერმანიაში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს ესტუმრა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან კობიაშვილმა 30 აპრილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ქართველ ჯარისკაცებსა და საქართველოს მოქალაქეებს ფეისბუქის მეშვეობით მიულოცა და გერმანიაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები მოინახულა.
დღეს ქართული შეიარაღებული ძალების დაარსების დღეა. მსურს, თითოეულ ჯარისკაცს და საქართველოს მოქალაქეს გულითადად მივულოცო ეს განსაკუთრებული დღე. ჩვენი გმირები საკუთარი სიცოცხლის ფასად დგანან სამშობლოს და ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე. ვისაც როგორ შეგვიძლია ვალდებული ვართ გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა და ვაგრძნობინოთ რომ ვაფასებთ მათ ღვაწლს.
გუშინ საფეხბურთო კლუბი ჰერტას სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მქონდა ასეულობით ასეთი ვაჟკაცი მომენახულებინა და 16 მაისს ბერლინში, ბუნდესლიგის თამაშზე, ჰერტა ფრანქფურტის წინააღმდეგ, ოლიმპიურ სტადიონზე მომეწვია. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ასეთი გულითადი დახვედრისათვის!
ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი გადასროლის წინა წვრთნებს გადის გერმანიაში, რის შემდეგადაც ისინი ავღანეთში გაემგზავრებიან.
ამ რთული მისიის წარმატებით ჩატარებას და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებას ვუსურვებ მათ!