ლევან კობიაშვილი: “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ფეხბურთელებმა ფეხბურთი ვეღარასდროს ითამაშონ”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ქართულ ფეხბურთში ბოლო დღეებში წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაცია დამნაშავეების მიმართ შემწყნარებლობას არ გამოიჩენს.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” ხუთი და ლანჩხუთის “გურიას” ორი ფეხბურთელი დააკავა – მათ ბრალი საფეხბურთო მატჩების “ჩაწყობაში” ედებათ. როგორც ცნობილი ხდება საქმე ჯამში 93 000 ლარის ოდენობის თანხას ეხება.
“სამწუხაროდ, მიწევს ისეთ მტკივნეულ თემებზე საუბარი, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სრულად საქართველოს აყენებს ზიანს. ჩვენი ფეხბურთის ფედერაციისთვის ასეთი ქმედებები ყოვლად მიუღებელია და არასოდეს შევეგუებით ამას.
არც ერთ იმ ადამიანს და კლუბს არ შერჩება ეს დანაშაული, რადგანაც ისინი ზიანს აყენებენ ქვეყანას, რომელსაც მთელი გულით უყვარს ფეხბურთი, იმ ადამიანებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ პოზიტივის შექმნას.
ჩვენ არანაირად არ ველოდებით გამოძიების დასრულებას. ჩვენთვის გამოძიება დაწყებულიც არის და დასრულებულიც. შემწყნარებლობა დაივიწყეთ, ეს არის უდიდესი პრობლემა.
პირველივე დღიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ებრძვის ყოველგვარ დანაშაულებრივ ქმედებებს. დაწყებული პირველი ლიგიდან დასრულებული მეოთხე ლიგით, დეტალურად ვაკვირდებით ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ შესაბამის ორგანოებთან და არ ვაპირებთ ვინმეს შევარჩინოთ ასეთი დანაშაული.
პირადად მე, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა როგორც კლუბს, ისევე ფეხბურთელებს სათანადოდ მოეთხოვოს პასუხი. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში სხვა კლუბებისა სახელები ამოტივტივდეს და მივმართავ ფეხბურთელებს, რომ ილოცონ მათი სახელები არ ამოიკითხონ მათ შორის.
მსგავსი რამ გასულ წელსაც მოხდა, თუმცა ფეხბურთელებს მხოლოდ პირობითი სასჯელი მიუსაჯეს და ახლა ეს ფეხბურთელები სხვა კლუბებში თამაშობენ. ეს პირველ რიგში ამ კლუბების დანაშაულია. ეს არა მარტო ჩვენი, არამედ საერთოდ ქვეყნის პრობლემაა,” – აცხადებს ლევან კობიაშვილი.