ლევან კობიაშვილი სპორტის პედაგოგებს შეხვდა
მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე სპორტის 1000-მდე მასწავლებელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში შეხვდნენ.
პედაგოგებს მასპინძელმა – ლევან კობიაშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ჩართულობისთვის, აქტიურობისთვის და წარმატება უსურვეს მომავალ, უმნიშვნელოვანეს საქმეში.
ლევან კობიაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა აუცილებელია იმისთვის, რომ არც ერთ რეგიონში არ დარჩეს ბავშვი, რომელსაც არ ექნება საშუალება ითამაშოს ფეხბურთი და იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით.
“1-2 კლასი – ეს ის ასაკია, როდესაც ამ ადამიანებს, ვინც დღეს აქ არიან შეკრებილნი, უწევთ შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარების მიმართულების განსასაზღვრად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ჯანმრთელი მომავლის შექმნის თვალსაზრისით. აქ შეკრებილი მასწავლებლები, არიან ის პიროვნებები, რომლებსაც უდიდესი მისია აკისრიათ და მე მიხარია, რომ ვხედავ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, სასიხარულო და ამასთანავე გამოწვევებით აღსავსეა მათი ეს მისია. მათ უნდა შექმნან უკეთესი მომავალი არამხოლოდ ქართული ფეხბურთისათვის, არამედ ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დამერწმუნეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფეხბურთის სიყვარული, მათი მომავალი პიროვნების განსაზღვრაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. პროექტი მნიშვნელოვანია თქვენთვისაც – პედაგოგებისთვის, რადგან გეძლევათ შესაძლებლობა განავითაროთ თქვენი პროფესიული ცოდნა, რაც საფეხბურთო მიმართულებით კარიერული ზრდისათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია”, – აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
ფედერაციის მიერ გადამზადებული 1000-მდე მასწავლებელი უახლოეს მომავალში საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებეში აქტიურად იმუშავებენ, რათა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება ისწავლონ და შეიყვარონ ფეხბურთი და სრულიად უსასყიდლოდ, სასწავლო პროგრამის კვალდაკვალ ივარჯიშონ კვალიფიცურ, გადამზადებულ ფეხბურთის მასწავლებლებთან.
ფეხბურთის ფედერაციამ შეადგინა და გამოსცა სპეციალური წესების წიგნი, რომელიც გადამზადებულ სპეციალისტებს გადაეცათ და მზადების პროცესში დაეხმარებათ. წიგნში დეტალურად არის გაწერილი 6-11 წლამდე ბავშვებისთვის მზადების პროცესის წარმართვის გეგმა, რის მიხედვითაც მასწავლებლები სავარჯიშო პროცესს ჩაატარებენ.
მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში პედაგოგებს შესაბამისი ეკიპირება, ხოლო საჯარო სკოლებს, სრულფასოვანი სავარჯიშო პროცესის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინვენტარი გადაეცემათ. მასწავლებლები იმუშავებენ 1-2 კლასის მოსწავლეებთან, რადგან ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარების მიმართულების განსასაზღვრად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ჯანმრთელი მომავლის შექმნის თვალსაზრისით. მასწავლებლების გადამზადებაზე იმუშავეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა ინსტრუქტორებმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა – «ფეხბურთი სკოლებში“. პროგრამის პირველ ეტაპზე ქვეყნის რეგიონების 1000-მდე სკოლის სპორტის მასწავლებელი უკვე გადამზადდა და ისინი მზად არიან განსაკუთრებული როლი შეასრულონ მომავალი თაობების აღზრდის პროცესში.
სფფ-ის პრესსამსახური