ლევან კობიაშვილი: “ვლადიმერ ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “ტაიმაუტში” ვლადიმერ ვაისის ახალ კონტრაქტზე ისაუბრა.
“მარტის ბოლოდან ვაისი ოფიციალურად ჩვენი მწვრთნელი აღარ იყო და ახალი ხელშეკრულება ძალაში პირველი ივლისიდან შედის. ხელშეკრულებას ყოველთვის ორი მხარე აქვს და ყოველთვის ვცდილობთ, ორივე მხარისთვის სასარგებლო პირობებზე შევთანხმდეთ. ალბათ, ხვდებით რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ჩვენთან დარჩენა. მას სჯერა ჩვენი გუნდის, მას სჯერა ჩვენი წარმატების და აპრილი, მაისი, ივნისი კონტრაქტის გარეშე არის და ეს ძალიან დასაფასებელია. ანუ სამი თვე ხელფასს არ აიღებს. ოფიციალურ გაფორმებამდე, შინაგანი განწყობა გვქონდა, რომ ვაისი კვლავ ნაკრებში იქნებოდა. ვადა წლის ბოლომდეა. არავინ იცის ერთა ლიგის თამაშები როდის ჩატარდება, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, თუმცა საბოლოოდ მაინც არ არის დადასტურებული. ვლადიმერის გარდა სხვა ვარიანტებს არც განვიხილავდით”, – განაცხადა კობიაშვილმა.
სლოვაკი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან წვრთვნის.