ლევან კობიაშვილმა დაადასტურა, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს
ლევან კობიაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს.
კობიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ოფიციალურად გამოაცხადა ყრილობის თარიღი – 3 ოქტომბერი.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და უახლოეს დღეებში ოფიციალურად დავარეგისტრირო საკუთარი კანდიდატურა.
ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის.
კანდიდატურის დარეგისტრირების დღიდან აქტიურად დავიწყებ ჩემი ხედვებისა და გეგმების პრეზენტაციას, წარმოვადგენ ჩემს გუნდსაც და შევხვდები ჩვენი ფეხბურთის ბედით და მომავლით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს.
მჯერა, რომ ყველანი ერთად შევძლებთ შევცვალოთ ქართული ფეხბურთი უკეთესობისკენ!”