ლევან მაისაშვილი: ‘ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას დადებითად ვაფასებ’
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან მარცხის (24:38) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც იცით, “ბორჯღალოსნებმა” შემოდგომის ერთა თასზე გამოსვლა დაასრულეს. საქართველომ ამ ტურნირზე ოთხი მატჩი გამართა და ოთხივეში დამარცხდა.
“პირველივე წუთიდან, როცა ბურთს დააგდებ და დაცვაში აღმოჩნდები, ბუნებრივია, რომ წნეხში იქნები. წნეხში თვითონ მოიქციეს თავი და არა მოწინააღმდეგემ, ეს არის ცუდი. პირველივე შერკინებაზე აბსოლიტურად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა, როდესაც წავიღეთ ის შერკინება და აქეთ დაგვაჯარიმა. ამანაც წნეხში მოგვაქცია, საიდანაც ვერ გამოვედით. ეს იყო ძირითადი მიზეზი ამ მარცხის – წნეხი ვერ ავირიდეთ თავიდან. რაც დაგეგმილი გვქონდა, რომ ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე გადაგვეტანა, ეს ვერ მოვახერხეთ, რაც საბოლოო ჯამში, ქულებში აისახა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა თამაში წავაგეთ, ჩვენ გამოსვლას ამ ტურნირზე დადებითად ვაფასებ. თამაშიდან თამაშამდე, რაც დაგეგმილი გვქონდა და გეგმა იყო, ამას მივაღწიეთ. თამაშიდან თამაშამდე უკეთესი რაგბიც ვითამაშეთ და გაცილებით სხვა გუნდი ვართ, ვიდრე ვიყავით. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ბევრი კომპონენტი დავხვეწეთ, რისი საშუალებაც ადრე არ გვქონია. მთლიანობაში, ვაფასებ დადებითად. გვქონდა შანსი, ბოლო თამაში მოგვეგო, მაგრამ როგორც ხედავთ, ასეთ გუნდთან მოგება არ არის ადვილი, როდესაც არ გაქვს ასეთი სიღრმე თუნდაც პოზიციებზე და გამოცდილება, რათა წნეხი აირიდო.
ფიჯი ისეთი გუნდია, რომ წუთიერ გათიშვას არ პატიობს. ეს ლელოები მაღალ დონეზე შეასრულეს და თავის დაცვა ვერ შევძელით. სანამ ამას ვერ მოვახერხებდით, პრობლემა ის იყო, რომ თავად დავთმეთ ბურთზე ინიციატივა და ეს არის საწყენი”, – განაცხადა მაისაშვილმა.