ლევან მაისაშვილი: ‘დასახულ მიზანს მივაღწიეთ’
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის პირველ ტურში პორტუგალიასთან 29:16 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“დაგეგმილი ხუთი ქულა, ავიღეთ. თამაში მოვიგეთ. მართალია, იყო ნერვიულობები პერიოდულად, მაგრამ ეს გამოწვეული იყო შეცდომებით. ჩვენ მატჩის წინაც ვთქვით, რომ ვცდილობთ, ერთა თასზე ექსპერიმენტები გავაკეთოთ. ეს ექსპერიმენტები სადღაც ამართლებს, სადღაც ვერ ამართლებს. მაგრამ მთლიანობაში, შედგა ორი ახალგაზრდა მოთამაშის დებიუტი, გაკეთდა ბევრი ცვლილება და ის მიზანი, რაც დასახული გვქონდა – სტუმრად მოგება ბონუსით, ამას მივაღწიეთ.
მატჩის დებიუტში იყო კარგი შესაძლებლობები შეტევის. ჩვენ არ ვზღუდავთ გუნდს, რომ ჩვენი ნახევრიდან შეუტიონ და კარგად შევუტიეთ. თუმცა, როცა ვერ ვასრულებთ ამ პროცესს, ამის შემდეგ თამაშის გადაწყობა და თამაშის მართვა ნახევარდაცვის მიერ მნიშვნელოვანია. დისციპლინაში თავიდანვე ბევრი ემოციური შეცდომა დავუშვით და გაგვიგდეს ყვითლით მოთამაშე, რამაც წნეხში მოგვაქცია. აქედან გამომდინარე, შევცვალეთ ტაქტიკა, უფრო სტაბილურ და ისეთ პროცესზე გადავედით, რაშიც უპირატესობა გვქონდა – ეს იყო შეჯგუფებები, მოლი. თავდაჯერებულობა მოდის მაშინ, როცა ანგარიშით წინ ხარ. აქედან გამომდინარე, აქცენტი იმაზე გავაკეთეთ, რაშიც უპირატესობა გვქონდა”, – განაცხადა მაისაშვილმა.