ლევან მაისაშვილი: “რაც მთავარია, დასახული ამოცანა შევასრულეთ”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში სტუმრად ესპანეთი 25:19 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომენტარი გააკეთა.
“თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და პირველივე წუთზე შევძელით ქულის აღება. სამწუხაროდ, მალევე მივიღეთ საპასუხო ლელო. არ გაგვიმართლა და ბურთი ხელიდან ცუდად ახტა, რაც ხდება ხოლმე და ვერავის დავადანაშაულებ. მატჩის მსვლელობისას, როგორც კი უპირატესობას ვიღებდით, იქვე გვეწეოდა ჩვენი შეცდომები და მეტოქე თამაშში ბოლომდე დარჩა.
თამაშის მართვა კვლავ პრობლემად რჩება, თუმცა წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს. ესპანეთი გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე პორტუგალია და რაც მთავარია, დასახული ამოცანა შევასრულეთ – გასვლითი შეხვედრა მოვიგეთ. ამ რთულ მატჩში ბონუსის აღებაც შეიძლებოდა“.
დისციპლინის კუთხით პრობლემები გვქონდა. პირველ ტაიმში უფრო გონივრულად ვითამაშეთ, მეორეში კი ბევრი უაზრო ჯარიმა ავიღეთ. დიდი წნეხი არ იყო, მაგრამ გუნდში მრავლად არიან ახალგაზრდა მორაგბეები და ხშირად ემოციები ჭარბობს. ისინი სწორედ ასეთ თამაშებში იზრდებიან”, – განაცხადა მაისაშვილმა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 20 მარტს სტუმრად, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.