ლევან მჭედლიძე: “ჩემსა და ზლატანს შორის სხვაობა ძალზე დიდია”
იტალიური “ემპოლის” ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ გამოცემა “ილტირენოს” ინტერვიუ მისცა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
– გასულ დეკემბერში იტალიის თასზე “ჯენოას” ფანტასტიკური გოლი გაუტანეთ, რომელმაც ყველას ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოაგონა. გაიხსენეთ, როგორ მოახერხეთ ეს.
“გოლის ეპიზოდი, რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს. ნიკოლას ბურდისო მაისურზე მქაჩავდა და დარტყმას სხვაგვარად ვერ განვახორციელედი. მეც ვცადე და მჯეროდა, კარგად შევასრულებდი”.
– მართლაც, იბრაჰიმოვიჩის დონის გოლი გამოვიდა.
“ჩემსა და იბრაჰიმოვიჩს შორის ძალზე დიდი სხვაობაა, მაგრამ მართალია, ასეთი გოლები სწორედ მას ახასიათებს”.
– თუმცა, ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გოლი ჯერაც არ გაგიტანიათ.
“მიმდინარე სეზონამდე ტრავმებმა გამაწამა და ბევრი გამიცდა. მაკლდა სათამაშო პრაქტიკა. რა ჰაეწყობა, ყველანაირად ვცდილობ, მაგრამ მშრალი პერიოდი ვერ დავასრულე, რაც ცხადია, ჩემი ბრალია. ყველაფერს ვაკეთებ, რათა შანსები გამოიყენო, მაგგრამ არ გამოდის”.
– რა იქნება მომავალში?
“იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ. მაგალითად, “პალერმოსთან” შეხვედრაში გოლთან ახლოს ვიყავი და მომავალშიც, როგორც კი შანსი მომეცემა, ვეცდები გამოვიყენო”.