ლევან მჭედლიძე “ემპოლისთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს
ქართველმა თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ განაცხადა, რომ მას “ემპოლისთან” მოლაპარაკებები ჰქონდა, თუმცა საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტრანსფერი არ შედგა. მიუხედავად ამისა, მასსა და ამ კლუბს შორის მოლაპარაკება კვლავაც ძალაშია.
“ემპოლიში” ნახევარი ცხოვრება გავატარე და ეს კლუბი ჩემო ოჯახია. 15 წლიდან იქ ვარ, მხოლოდ ორი წელი ვითამაშე “პალერმოში”. იყო რაღაც მოლაპარაკება, რომ წავსულიყავი. მე მაქვს საბუთი, რომელიც მაძლევს ვიცხოვრო იტალიაში, როგორც იტალიელი, მაგრამ როცა ჩემპიონატიდან მიდიხარ, ავტომატურად არაევროკავშირელი ხდები ერთი წლის განმავლობაში. “ემპოლი” შევსებულია არაევროკავშირელებით, მათ სამი ასეთი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვთ. მოლაპარაკება ბოლომდე ძალაშია, ვსაუბრობთ ამაზე. იყო რაღაც ვარიანტები, შემეძლო ახლავე წავსულიყავი, მაგრამ ეს ვარიანტები იყო ხანგძლივი და არაპერსპექტიული. მე მინდა, რომ კიდევ ვითამაშო და არ წავიდე, ასე ვთქვათ, ‘ეგზოტიკურ ქვეყანაში’. იმედი მაქვს, შევძლებ იმას, რასაც ვგეგმავ. ვნახოთ, რა როგორ იქნება. შეიძლება, ხვალ ყველაფერი შეიცვალოს”, – განაცხადა მჭედლიძემ პირველი არხის ეთერში.
30 წლის ფეხბურთელის ბოლო კლუბი თბილისის “დინამო” იყო, რომელიც მან 2020 წლის ივლისში დატოვა. ლევანი ფიზიკური მომზადების ციკლს 20 დღეში დაასრულებს, რის შემდეგაც ბურთთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს. მას იმედი აქვს, რომ ქართველ გულშემატკივრებს კვლავაც გაახარებს.
“იმედი მაქვს, გავახარებ ქართველ ხალხს. მთელი ცხოვრების განმავლობაში, კარგად და ცუდად ყოფნის ეტაპებზე სულ ყოველთვის გვერდით მედგა ეს ხალხი”, – ამბობს მჭედლიძე.