ლევან ყიფიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტებს შეხვდა
ძიუდოში თბილისის გრან-პრისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დასათვალიერებლად და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად საქართველოს 3 დღიანი სამუშაო და საკონსულტაციო ვიზიტით სტუმრობენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტები – ლიზა ალანი და მარიან კლაუდიუ ჩიმიუ.
ძიუდოს ექსპერტები 16 იანვარს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს – ლევან ყიფიანს სამინისტროში შეხვდნენ.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები თამაზ თევზაძე და აკაკი ლოდია, ასევე სამინისტროს მასობრივი სპორტის სამმართველოს უფროსი – ვლადიმერ ნუცუბიძე და ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი – მამუკა ყიზილაშვილი დაესწრნენ. 16 იანვარს ასევე დაგეგმილია შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, სადაც გრან პრის პირდაპირი ტრანსლირების საკითხები განიხილება.
ლიზა ალანი და მარიან კლაუდიო ჩიმიუ ასევე მოინახულებენ თბილისის სპორტის სასახლეს, ძიუდოს აკადემიას და იმ სასტუმროებს, სადაც გრან პრის მსვლელობის დროს სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯები და საერთაშირისო დელეგაციის წარმომადგენლები იცხოვრებენ. ძიუდოში თბილისის გრან პრი 21-23 მარტს ჩატარდება. გრან პრის სტატუსი თბილისს 2013 წლის მიწურულს მიენიჭა.
15 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გრან პრის ორგანიზებაზე მემორანდუმს ხელი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა – მარიუს ვიზერმა, მინისტრმა – ლევან ყიფიანმა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა – დავით ქევხიშვილმა მოაწერეს.
msy.gov.ge