ლევან ყიფიანი ევროპის რაგბის ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
15 მარტს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში ფირა აერის (ევროპის რაგბის ასოციაცია) პრეზიდენტს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრს – ოქტავიან მორარიუს შეხვდა. შეხვვედრას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზოდენტი – გიორგი ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილეები – აკაკი ლოდია და თამაზ თევზაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოსა და რუმინეთის უმნიშვნელოვანეს მატჩზე, რომელიც 15 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.
მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და რუმინეთის რაგბის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე და იმ ფაქტზე, რომ ორივე ქვეყანა უკვე მაქსიმალურად მიუახლოვდა ევროპის სარაგბო ელიტას. ითქვა, რომ აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ქართული და რუმინული სარაგბო კლუბების ევროტურნირებში ჩართვის მიმართულებით და ზოგადად ქართული და რუმინული რაგბის კიდევ უფრო დაახლოვებით ევროპის ელიტარულ სარაგბო ქვეყნებთან.
მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ოქტავიან მორარიუს ოლიმპიურ კომიტეტში უმასპინძლებენ. მორარიუს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი მიიღებს. შეხვედრას დაესწრება თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი – ალექსი ახვლედიანიც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში რუმინეთის სამთავრობო დელეგაცია პირველად იმყოფება პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ხელმძღვანელობით. 14 მარტს რუმინელი კოლეგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო, სადაც დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. რუმინეთის სამთავრობო დელეგაციაში საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, პარლამენტის წევრები არიან. ასევე გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
რუმინეთის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისში რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ალინ პეტრაჩე და ვიცე-პრეზიდენტი მატეი კალინიც ჩამოვიდნენ. სტუმრები 17:00 საათზე საქართველოსა და რუმინეთს შორის გასამართ ერთა თასის მატჩს დაესწრებიან.
საქართველო – რუმინეთის სარაგბო დაპირისპირება ორივე ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია – გამარჯვებული გუნდი ერთა თასის მფლობელი ხდება. საქართველოსა რუმინეთს შორის საცილო „ანთიმოზ ივერიელის” თასს მოიპოვებს და ნოემბერში ირლანდიის ნაკრებთან სტუმრად ტესტმატჩის ჩატარების უფლებას მიიღებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური