ლევან ყიფიანი სფფ-ს განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს სპორტისა მინისტრმა ლევან ყიფინმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ერთ-ერთი ტელევიზიის მეშვეობით პირდაპირ ეთერში ნაციონალური მოძრაობის შტაბი უწოდა, რასაც ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცველლად გთავაზობთ:
გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანი პირად პოზიციას, რომელიც მან შაბათს, 13 დეკემბერს, ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემაში “სუბიექტური აზრი” გამოხატა.
ბატონმა ლევან ყიფიანმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ მომავალ წელს ფედერაციაში არჩევნებია და მას ჯანსაღი ძალების გამარჯვების იმედი აქვს, ხოლო გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვაზე, ჯანსაღია თუ არაჯანსაღი ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა, ბატონმა მინისტრმა ბრძანა:”ეს არის, მე ვიტყოდი, “ნაციონალური მოძრაობს” შტაბ-ბინა”.
აღსანიშნვია, რომ მანამდე ბატონი ლევანი იმის შესახებ საუბრობდა, როგორი მიდგომა აქვს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ფედერაციებისადმი, ხაზს უსვამდა რა, რომ სამინისტრო არ ერევა მათ შიდა საქმიანობაში და არ არჩევს ან აფასებს მათ პოლიტიკური ნიშნით, რასაც მის მიერ მოგვიანებით გამოხატული პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება.
სფფ მიიჩნევს, რომ მინისტრის მიერ მსგავსი პოზიციის გამოხატვა არაკორექტულია და ხელს არ უწყობს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მით უმეტეს, რომ ბატონი მინისტრის მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის პოლიტიკური შინაარსის განცხადებას აკეთებს სფფ-ს მისამართით.
ფეხბურთის ფედერაცია უფლებამოსილია განაცხადოს, რომ როგორც ფედერაციის ხელმძღვანელ რგოლებაში, ასევე სხვა სამსახურებრივ საფეხურებზე მუშაობენ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი თანამშრომლები, სპეციალისტები, რომელთა შერჩევა არც მომხდარა და არც მოხდება პოლიტიკური ნიშნით. აქედან გამომდინარე, გამოვთქვამთ ჩვენს წუხილს ბატონი მინისტრის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი განცხადების გამო და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით ვითანამშრომლოთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, პირადად ბატონ მინისტრთან. ამასთან, გამოვთქვამთ იმედს, რომ პოლიტიკური კონტექსტის მქონე განცხადებები ფეხბურთის ფედერაციის მისამართით აღარ განმეორდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
აღნიშნულ განცხადებას ლევან ყიფიანმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში უპასუხა და განაცხადა, რომ მას თავისი მიდგომა არ შეუცვლია. მისი აზრით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი წინა მთავრობის მიერ იყო დანიშნული. თუმცა, ამავდროულად ყიფიანმა ისიც აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყველა ფედერაციასთან ძველებურად გააგრძელებს თანამშრომლობას.