ლევან საგინაშვილი: ‘ლალეტინს 6:0 მოვუგე და მეორე დღეს თქვა, ლევანთან ცოტა დამაკლდაო’
ლევან საგინაშვილმა TOP 8-ის მეოთხედფინალში გამართული შეხვედრა გაიხსენა და თქვა, რომ მისი მოწინააღმდეგე დეივ ჩეფი მარცხს ღირსეულად შეხვდა.
როგორც იცით, ქართველმა 6 სექტემბერს მკლავჭიდელმა ამერიკელი მეტოქე უშანსოდ, 6:0 დაამარცხა.
“ამ შეხვედრას დიდი დატვირთვა ჰქონდა, რადგან ჩემზე ამბობდნენ, რომ ჩეფის არ შეხვედრია და ის უფრო ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ 44 წლისაა, სულ კუნთია. იმაზე საუბარი, რომ ამ დაპირისპირებისთვის ვერ მოემზადა, სისულელეა, რადგან ამისათვის ორივე ორი წლის მანძილზე ვემზადებოდით. როცა პირველად გადავუწიე ხელი, შევატყვე, რომ მთლიანად აირია. მისთვის ძალაში არავის უჯობნია და ამას არ ელოდა. ბრძოლის შემდეგ, დეივ ჩეფიმ მითხრა, რომ პირველი ხარო. კარგი პიროვნებაა, ღირსეულად შეხვდა მარცხს”, – განაცხადა “ქართველმა ჰალკმა” VITAMINI-სთან ინტერვიუში.
საგინაშვილმა გაიხსენა ვიტალი ლალეტინი, რომელსაც 2019 წელს TOP 8-ის ფინალში დამაჯერებლად მოუგო. ლევანის თქმით, რუსი მეტოქე მარცხს ღირსეულად ვერ შეხვდა.
“ლალეტინს რომ მოვუგე ფინალში 6:0, მეორე დღეს ლალეტინმა და ციპლენკოვმა ინტერვიუ ჩაწერეს და თქვეს – ლევანს მაჯა მოუტეხა, ცოტა დააკლდა და მოვუგებდიო. 6:0 მოგიგე და რა ცოტა დაგაკლდა? რაღაც რუსული ამბავია…” – თქვა საგინაშვილმა.