ლევანდოვსკი: „ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ“
დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ „მარსელთან“ მოგებული შეხვედრის თაობაზე გააკეთა კომენტარი.
შეგახსენებთ, რომ პოლონელმა თავდამსხმელმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში თავი დუბლით გამოიჩინა.
„ამ თამაშისგან დიდი სიამოვნება მივიღე, ისევე, როგორც ჩემმა თანაგუნდელებმა. შესანიშნავია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. მოგეხსენებათ, „ოლიმპიკი“ – ჩინებული გუნდია, რომელსაც ბევრი რამის გაკეთების საშუალება არ მივეცით. დაცვაში ბრწყინვალედ ვმოქმედებდით“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.
„მარსელს“ ბოლოს ორი წლის წინ შევხვდით და მაშინ დავმარცხდით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სულ სხვა გუნდი გვყავდა, რევანშის აღება ყოველთვის სასიამოვნოა. წინ მეორე შეხვედრა გველის, რომლის მოგებაზე უარს არ ვიტყოდით. დღეს, ყველაფერი გამოგვივიდა, თუმცა ყველა მატჩის მოგება გვსურს, ისევე, როგორც უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის აღება“, – დაასრულა 25 წლის ფორვარდმა.