ლევანდოვსკი კვებაზე, გონებრივ და ფიზიკურ კონდიციებზე
მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ინარჩუნებს ფორმას 31 წლის ასაკში.
პოლონელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა კვებაზე და ხაზი გაუსვა ვარჯიშის მნიშვნელობას.
“მატჩის დღეს ხორცს არ ვჭამ. ხორცის ჭამა ჩემ სხეულს ძალიან დაამძიმებს. მსუბუქად ვიკვებები, მხოლოდ იმას ვიღებ, რაც მჭირდება. ჩემი კვების რაციონი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: როდისაა მატჩი, რა დროს იწყება… თუ ბრინჯს ან პასტას მიირთმევ, ეს მცირე დროის მანძილზე ენერგიას მოგიმატებს. თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, არაფერი გრჩება.
როცა დაღლილი ხარ, გოლის გატანა რთულია. გოლების 90 პროცენტი მაშინ გამაქვს, როცა გონება თავისუფლად მუშაობს და კონცენტრირება უმაღლეს დონეზე მაქვს. როცა დაღლილი ხარ, ნელა ფიქრობ. მეტოქის საჯარიმოში მხოლოდ 0.1 წამი ან 0.2 წამი გვაქვს იმისათვის, რომ ვიფიქროთ, გადაწყვეტილება მივიღოთ და ბურთს შევეხოთ.
ამიტომაც ვვარჯიშობთ მუდმივად. ვარჯიშზე ავტომატურ მოძრაობებს გამოვიმუშავებთ, რასაც დაღლილობის დროს ვიყენებთ. როცა მომენტი გექმნება, ბევრი არ უნდა იფიქრო და პირდაპირ მოქმედებაზე გადახვიდე”, – უთხრა ლევანდოვსკიმ “ფრანს ფუტბოლს”.