ლევანდოვსკი: ოქროს ბურთი დავიმსახურე
მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ წელს ოქროს ბურთის მოგება მან დაიმსახურა.
პოლონელმა ფეხბურთელმა ინტერვიუ მისცა Sportowe Fakty-ს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ ვის გადასცემდა იგი ოქროს ბურთს, რაზეც “ბაიერნის” თავდამსხმელმა უპასუხა: “საკუთარ თავს.”
ამის შემდეგ ლევანდოვსკიმ ახსნა, რატომ იმსახურებს ის 2020 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილ ჯილდოს.
“ბაიერნთან” ერთად, თუ რამის მოგება შეიძლებოდა, ყველაფერი მოვიგე. ყველა ტურნირზე: ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა – მე ბომბარდირი გავხდი. მესმის, რომ შესაძლოა, არიან ფეხბურთელები, რომლებზეც უფრო დიდი წნეხია. თუმცა, იმ შედეგებით, რასაც გასულ სეზონში მივაღწიე, ოქროს ბურთს ნებისმიერი ფეხბურთელი მოიგებდა”, – აცხადებს 32 წლის ფეხბურთელი.
ლევანდოვსკიმ 2019-2020 წლების სეზონში “ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 47 მატჩში 55 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას არ გაუმართლა, რადგან კოვიდ-19-ის გამო, წელს ოქროს ბურთით არავის დააჯილდოვებენ.