ლი კარსლი: ‘თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ საქართველოსთან დროში 4 საათიანი სხვაობაა’
ინგლისის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლი კარსლიმ საქართველოსთან ამხანაგურ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ინგლისს ბათუმში უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. რამაზ სვანაძის გუნდი გულიაშვილისა (2) და გოჩოლეიშვილის გოლებით სტუმრებს სამბურთიანი სხვაობით ამარცხებდა, თუმცა მატჩის ბოლოს, 81-ე და 94-ე წუთებზე ინგლისელებმა ორი ბურთი გაქვითვა მოახერხეს.
“ფეხბურთელებს ბევრ სირთულესთან გამკლავება მოუხდათ, მათ შორის მგზავრობისა და დროში სხვაობის ფაქტორიც იგულისხმება. ოთხ საათზე მეტი ჰაერში გავატარეთ. ამავდროულად, საქართველოსა და ინგლისს შორის დროში ოთხსაათიანი სხვაობაა. ბიჭები დასაძინებლად გამთენიისას 02:00-03:00 საათზე წავიდნენ. ეს თავის მართლება არ არის, მაგრამ რეალობაა.
კარგი ფეხბურთელები გყავს, რამდენიმეს დებიუტი ჰქონდა. იშვიათად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამხანაგური მატჩები ჩავატაროთ, ამიტომაც ახალ მოთამაშეებს შანსი მივეცით. პირველ ტაიმში 3-4 კარგი საგოლე მომენტი გვქონდა და გოლები უნდა გაგვეტანა. ვათამაშეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც როგორც წესი, სასტარტო შემადგენლობაში არ არიან ხოლმე. მათ ითამაშეს საქართველოს, ნამდვილად კარგი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს”, – ციტირებს ლი კარსლის სიტყვებს “მირორი”.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.