ლიანა ჯოჯუა: “ხალხი იტყვის, რომ ქართული დიდი ცხვირი მაქვს, მაგრამ…”
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ მირანდა მავერიქთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და ცხვირზე მიღებულ დაზიანებაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ამერიკელ მებრძოლთან შეხვედრის პირველ რაუნდში ჯოჯუამ ცხვირზე ჭრილობა მიიღო, რის გამოც ექიმებმა ბრძოლა გააჩერეს, ხოლო მირანდა მავერიქი გამარჯვებულად გამოცხადდა.
“ეს ისეთი სპორტია, სადაც ერთ დარტყმას შეუძლია ყველაფერი გადაწყვიტოს, სწორედ ეს მოხდა. მინდოდა, ბრძოლა გამეგრძელებინა, მაგრამ ექიმებმა ამის ნება არ მომცეს. ხუთი თუ ექვსი ნაკერი დამადეს, არ დამითვლია. ჭრილობა ღრმა იყო, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ხელს შემიშლიდა. ყველაფერს ვხედავდი, ვსუნთქავდი. ვფიქრობ, მათ ჩემთვის შანსი უნდა მოეცათ და თუ სიტუაცია გართულდებოდა, ჩხუბი შეეჩერებინათ. მინახავს, რომ ასეთი ჭრილობებით ხალხს ჩხუბი გაუგრძელებია.
მე რომ ჩემი მეტოქის ადგილას ვყოფილიყავი, ამ გამარჯვებას არ ვიზეიმებდი. რატომ უნდა იყო გახარებული, როცა რაუნდს აგებ და მეტოქეს ბრძოლიდან ხსნიან? ვნახავთ მის მომდევნო შეხვედრებს. იმედი მაქვს, მასთან კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ.
არ ვღელავდი იმაზე, რომ ნაკერები დამადეს ან ნაიარევი მქონდა, გავღიზიანდი იმით, რომ ბრძოლა შეჩერდა. საერთოდ არ მაღელვებდა, როგორ გამოვიყურებოდი სახეზე. მინდოდა, მომეგო, ამიტომ გული დამწყდა. ექიმმა პლასტიკური ოპერაცია შემომთავაზა, მაგრამ ეს არ მაინტერესებს. ხალხი იტყვის, რომ მე ქართული დიდი ცხვირი მაქვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს არ მაღელვებს. ბედნიერი ვარ იმით, როგორც გამოვიყურები. როგორც კი ჩაცხრება, ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდები. ბედნიერი ვარ იმით, რაც ღმერთმა მომცა და რამის შეცვლა არ მსურს. სწორედ ამიტომ ვთქვი პლასტიკურ ოპერაციაზე უარი”, – თქვა ჯოჯუამ RT Sport MMA-სთან ინტერვიუში.