“ლიდსი” 16-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნდა (ვიდეო, ფოტო)
16-წლიანი პაუზის შემდეგ “ლიდს იუნაიტედი” ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა. მარსელო ბიელსას მიერ დამოძღვრილი გუნდი ჩემპიონშიფის 44 ტურის თავზე სატურნირო ცხრილს 87 ქულით ლიდერობს და ამ დროისთვის მინიმუმ მეორე ადგილი განაღდებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ლიდსს” პრემიერლიგის მომავალ გათამაშებაში უსათუოდ ვიხილავთ.
როგორც მოგეხსენებათ, “ლიდს იუნაიტედი” ერთ-ერთი ტრადიციული კლუბია. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში გუნდი ევროთასებზე რეგულარულად გამოდიოდა და უეფას თასისა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებიც ითამაშა, თუმცა კლუბში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია ის, რომ 2004 წელს “ლიდსი” პრემიერლიგიდან გავარდა, 2007 წელს კი პირველ ლიგამდე დაქვეითდა. გუნდმა ჩემპიონშიფში დაბრუნება სამი წლის შემდეგ მოახერხა.
“ლიდს იუნაიტედი” დაარსებულია 1919 წელს. კლუბი ინგლისის სამგზის ჩემპიონია (1968-1969, 1973-1974, 1991-1992), მოგებული აქვს ინგლისის თასი (1972), ქვეყნის ლიგის თასი (1968) და სუპერთასი (1969, 1992). “ლიდსმა” 1975 წელს ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში ითამაშა (დამარცხდა “ბაიერნთან” 0:2).
“ლიდსის” ფანებმა პრემიერლიგაში დაბრუნება სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მასობრივი თავშეყრით აღნიშნეს.