“ლიდსი” სკანდალში: ტრიბუნაზე “მუყაოს ქომაგებს” შორის ბინ ლადენის გამოსახულება ჩასვეს
ინგლისის ჩემპიონშიფის ერთ-ერთი ლიდერი “ლიდს იუნაიტედი” სკანდალში გაეხვა.
როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსული პანდემიის გამო ჩემპიონშიფის მატჩები მაყურებლების გარეშე იმართება, კლუბებმა კი ფანებს თავიანთი ან ნაცნობ-მეგობრების ფოტოების გამოგზავნა და ტრიბუნებზე გამოფენა შესთავაზა.
“ბიბისის” ცნობით, “ლიდსის” სტადიონ “ელანდ როუდზე” “მუყაოს ქომაგებს” შორის ტერორისტული ორგანიზაცია “ალ ქაიდას” ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის გამოსახულება აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა ფანმა არენაზე მოსახვედრად სწორედ ცნობილი ტერორისტის ფოტო გააგზავნა.
“ლიდსმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი შეურაცხმყოფელი გამოსახულების გამოჩენას მეტჯერ აღარ დაუშვებს.
ისე კი, ოსამა ბინ ლადენს ლონდონის “არსენალის” ქომაგობას უფრო მიაწერდნენ ხოლმე.
შეგახსენებთ, რომ “ლიდსს” ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი მარსელო ბიელსა თავკაცობს. გუნდი გათამაშების სატურნირო ცხრილში “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.