ლიგა 1: მსაჯმა თავისი შეცდომა აღიარა – ბალოტელის გაამართლებენ
ნაკლებად სავარაუოდოა, მარიო ბალოტელის კვლავ მოუწიოს დისკვალიფიკაციის მოხდა მას შემდეგ, რაც “ნიცასა” და “ლორიენს” შორის გამართული მატჩის მთავარმა არბიტრმა აღიარა, რომ იტალიელი შემტევისთვის წითელი ბარათი არ უნდა ეჩვენებინა.
შეგახსენებთ, რომ ბალოტელი საფრანგეთში გადასვლის შემდეგ ძალიან კარგად გამოიყურება – “ნიცას” მაისურით ჩატარებულ 5 მატჩში “ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა 6 გოლის გატანა მოახერხა.
“ლორიენთან” მატჩში მარიომ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც დამსახურებულად მიიღო ყვითელი ბარათი მაისურის გახდისთვის. თუმცა მეორე ყვითელი ბარათი, რომელიც მსაჯმა მას უჩვენა (მორეირასთან ჩხუბისთვის), სრულიად უსაფუძვლო იყო.
“ოლივერმა (მსაჯმა) მატჩს ხელმეორედ უყურა და განაცხადა, რომ მარიოსთვის წითელი ბარათის მიცემა შეცდომა იყო. ის ამას სადისციპლინო კომიტეტის წინაშეც განაცხადებს, დანარჩენი კი მათზეა.” – განაცხადა ფარნგ მსაჯთა კოლეგიის უფროსმა.