ლინ ჯონსი: “სანამ არ ვისწავლით, როგორ ვაჯობოთ ქართველებს კონტაქტურ ბრძოლაში…
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა საქართველოსთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში “ბორჯღალოსნებმა” რუსები კალილინგრადში 23:6 დაამარცხეს.
“მეტოქე ჩვენზე ცოტათი ძლიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოვუმატეთ, ქართველები თავს კარგად იცავდნენ. რთული იყო მათი წნეხში მოქცევა. ვიკტორ გრესევის არყოფნამ დიდი როლი ითამაშა. საქართველოსთან თამაში, როგორც ყოველთვის, რთულია. დღეს ცოტათი დაბნეულები ვიყავით, რამაც არ მოგვცა საშუალება, რომ მეტოქის მხრიდან წნეხისთვის თავი აგვერიდებინა.
ქართველები თავიანთ გეგმას ასრულებდნენ. მათ იციან, როგორ იმუშაონ შეტევის დროს. გარკვეულ მონაკვეთებში თავი კარგად დავიცავით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მთელი მატჩის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ. ველოდით, რომ თანაბარი თამაში იქნებოდა, თუმცა ასე არ გამოვიდა.
სამი თვის განმავლობაში შეკრებები გვქონდა, ყველა მოთამაშე გარკვეულ ასპექტებში უკეთესი გახდა. თუმცა, სანამ არ ვისწავლით, როგორ ვაჯობოთ საქართველოს ნაკრებს კონტაქტურ ბრძოლაში, ჩვენთვის ყველაფერი ძალიან რთული იქნება. ქართველები ბიჭები ჯანმრთელი და ძლიერები არიან, ამიტომ მათ შესაბამისად უნდა უპასუხო. განვითარება უნდა განვაგრძოთ და გამარჯვებებიც მოვა.
არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ჯგუფში მეორე ან მესამე ადგილი დავიკავოთ. ტურნირი რუსეთის ნაკრებისთვის რუმინეთთან კარგი გამარჯვებით დაიწყო. დღეს, მინდოდა, რომ თუ ვერ მოვიგებდით, ბონუს ქულა მაინც მოგვეპოვებინა. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა”, – განაცხადა ლინ ჯონსმა.