ლიონელ მესი: ”ერთ დღესაც სამშობლოში დავბრუნდები”
ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი კარიერაში მეხუთედ მოიპოვა. ”ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა პრესტიჟული ჯილდოსთვის ბრძოლაში თანაგუნდელ ნეიმარსა და მადრიდის ”რეალის” შემტევ კრიშტიანო რონალდუს აჯობა. დაჯილდოვების დასრულების შემდეგ სამხრეთ ამერიკელმა ინტერვიუ FIFA.COM-ს მისცა.
– თქვენ პრიზის მიღებისას სცენაზე ძალიან ემოციური იყავით, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო?
– რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოქროს ბურთს ხუთჯერ მოვიპოვებდი. 2009 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ეს ჯილდო პირველად მოვიპოვე, როგორც ცხოვრებაში, ისე ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მე ვუყვარვარ, როგორც არგენტინაში, ისე მთელს მსოფლიოში. ეს წარმატება ასევე მათი დიდი დამსახურებაა.
– დაახლოებით 12 თვის უკან იყო ხმები იმის შესახებ, რომ ”ბარსელონას” დატოვებდით და კარიერიას ინგლისში განაგრძობდით. რა შეგიძლიათ, თქვათ ამის შესახებ.
– ეს ფეხბურთია და ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. მე სიმშვიდე შევინარჩუნე, წყნარად დავფიქრდი და მივხვდი, რომ სადაც ვიყავი, იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. საბედნიეროდ, ის წელი ჩვენთვის ძალიან კარგად დასრულდა.
– ნეიმარმა თქვა, რომ თქვენ მისი იდეალი ხართ, რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ?
– რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა. ნეიმარმა ”ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ ეს ბევრჯერ თქვა. ჩვენ მეგობრები ვართ და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
– რა შეგიძლიათ თქვათ ლუის სუარესის შესახებ, არის თუ არა ურუგვაელი საუკეთესო გოლეადორი, რომლის გვერდითაც გითამაშიათ?
– ”ბარსელონაში” ძალიან ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად მითამაშია, ასე რომ, ამის თქმა ძალიან ძნელია. სუარესი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და მის გვერდით თამაში ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ მოედნის მიღმაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
– 2015 წელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში თქვენ ”რივერ პლეიტის” წინააღმდეგ ითამაშეთ, რას ნიშნავს თქვენთვის მოედანზე არგენტინული გუნდის წინააღმდეგ გამოსვლა?
– ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ტრიბუნებზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო, რაც ჩემთვის უცხო ნამდვილად არაა. ვიცი, მათთვის ეს შეხვედრა რასაც ნიშნავდა. საბედნიეროდ, ჩვენ ეს მატჩი მოვიგეთ და სასურველ მიზანს მივაღწიეთ.
– როდესაც ფეხბურთის მიმართ არგენტინელი ხალხის დიდ სიყვარულს ხედავთ, გიჩნდებათ თუ არა სურვილი სამშობლოში დაბრუნების?
– დიახ. როდესაც ბავშვი ვიყავი ჩემი ოცნება არგენტინის ჩემპიონატში თამაში იყო. სამწუხაროდ, სამშობლო ძალიან ადრე დავტოვე და კარიერაში ევროპაში გავაგრძელე. ჩემი მიზანია, ერთ დღესაც უკან დავბრუნდე. თუ როდის მოხდება ეს, მხოლოდ ღმერთმა იცის.