ლიპარტელიანი: “თუ ვინმეს ჰგონია, რომ რომელიმე კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა…”
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. ლიპარტელიანი წერს, რომ ნაკრების წევრებმა კითხვებზე ამამწურავი პასუხები ვერ მიიღეს და ისინი პროტესტს აგრძელებენ.
“თუ ვინმეს ჰგონია, რომ რომელიმე კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა და ჩვენ ამით დავკმაყოფილდებით, ეს ასე არ არის! ვერცერთ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ!
რატომ იყვნენ თავის დროზე კვალიფიციური მწვრთნელები გათავისუფლებულები? რამ გამოიწვია ეს უშედეგობა? ვინ მიიღო თავის დროზე ეს გადაწყვეტლება, რომ მოსულიყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ფაქტიურად სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდათ? ვისი პასუხისმგებლობაა, როდესაც გუნდი წლების განმავლობაში უკან მიდის და შედეგი არ არის?
რატომ იყო ბევრ სპორტსმენზე უარი ნათქვამი შეკრებაზე წასვლა იქნება თუ შეჯიბრზე იმის გამო, რომ თანხები არ არის საკმარისი, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს რომ ფული უდევს ანგარიშზე?
როდესაც ვამბობთ, რომ მასაჟისტი არ გვყავდა ევროპის ჩემპიონატზე კონკრეტულ პასუხებს ველოდებით და არა ისეთს როგორსაც ვისმენთ!
ვინ დგას ჩვენს უკან, ვინ გვმართავს ჩვენ – კონკრეტული სახელი და გვარი ან გვარები? რატომ მოხდა ისე რომ 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 9 დღე ვიყავით იაპონიაში?
რატომ არ აძლევენ ახალგაზრდა ძიუდოისტებს ჩვენთან ვარჯიშის საშუალებას? რა მიზეზით არ მიიღეს ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ზედაზენზე მოგებული საპრიზო თანხები და თუ აიღებდნენ კუთვნილ თანხებს, რატომ უნდა წასულიყვნენ ნაკრებიდან?
ეს და სხვა უამრავი შეკითხვა რომელიც დავსვით, ვერცერთზე პასუხი ვერ მივიღეთ! ის, რომ ფინანსურად და ქაღალდებით ფედერაციას თითქოს სწორად აქვს გატარებული ყველაფერი, გასაგებია და ჩვენ არც გვითქვამს, რომ ვინმემ სახლში წაიღო რაიმე თანხა! აქ მხოლოდ იმაზე იყო საუბარი, რამდენად მიზანმიმართულად იხარჯებოდა ის თანხები და რამდენად სწორად ხდება ბიუჯეტის თანხების განკარგვა!
როდესაც წლის დასაწყისში მხოლოდ სამი სპორტსმენი მიდის საერთაშორისო შეკრებაზე, იმის გამო, რომ თანხები არ არის საკმრისი, ამაზე პასუხი სად არის? ასეთი კიდევ უმარავი შემთხვევაა და პასუხები აბსოლიტურად მიუღებელია ჩვენთვის! ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს და ვიბრძოლებთ სიმართლისთვის ბოლომდე!” – წერს ლიპარტელიანი.