ლიპი: “იტალიის ნაკრებში დაბრუნება ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო”
ცნობილი იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი მიიჩნევს, რომ იტალიის ნაკრებში დაბრუნება მის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. შეგახსენებთ, რომ ლიპიმ “სკუადრა აძურასთან” ერთად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. 2008 წელს იგი გუნდში დაბრუნდა და ნაკრები 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოამზადა. 2010 წლის მუნდიალზე “სკუადრა აძურამ” სრული კრახი განიცადა და ტურნირი მატჩის მოუგებლად დატოვა.
“ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იტალიის ნაკრებში დაბრუნება იყო. ჯერ კიდევ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ვაპირებდი წასვლას, მაშინ მართლაც საოცარი გუნდი დავაყენე. დავბრუნდი იმიტომ, რომ ის ნდობა გამემართლებინა, რომელიც ჩემ მიმართ იყო. შეცდომა დავუშვი. ახლა კვლავ მსურს მუშაობა, თუმცა იმ ასაკში აღარ ვარ, რომ შორ მანძილებზე ვიარო. მინდა, იტალიური საკლუბო ფეხბურთით დავკავდე”, – ლიპის კომენტარს TV2000 აქვეყნებს.