„ლივერპულმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დასცა
ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ მიიღო. როდესაც ერთმანეთს ეს გუნდები ხვდებიან, ნაკლები მნიშვნელობა ექცევა იმას, თუ რა პოზიციები უკავიათ გუნდებს სატურნირო ცხრილში, ვინაიდან ეს მატჩი გაცილებით პრინციპულ ხასიათს ატარებს. შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თამაში, ტრადიციულად, მეტად მჭიდრო ბრძოლაში წარიმართა. შესაბამისად, ბევრი იყო ჯარიმა, პირველ ტაიმში მარუან ფელაინის სისხლიც კი ადინეს. ფეხბურთელები არც საკუთარ თავს და არც მეტოქე გუნდის მოთამაშეებს არ ინდობდნენ. მჭიდრო ბრძოლის მიუხედავად, განსაკუთრებით ფრთხილად მოქმედებდნენ შეხვედრის საწყის წუთებში.
მატჩის პირველ ნახევარში სათამაშო უპირატესობას „წითელი ეშმაკები“ ფლობდნენ, თუმცა სათქმელია, რომ ბრენდან როჯერსის ფეხბურთელები ტაქტიკურად კარგად იყვნენ მომზადებულნი, პოზიციურადაც მშვენივრად ირჯებოდნენ და მასპინძელთა შანსებიც მინიმუმამდე მცირდებოდა. სამაგიეროდ, სტუმრებმა განახორციელეს რამდენიმე მწვავე შეტევა. განსაკუთრებით აქტიურად ირჯებოდა სუარესი-სტარიჯის დუეტი. ურუგვაელი თავდამსხმელის ერთ-ერთი გალაშქრების დროს კი მასპინძელთა ბრაზილიელ მცველ რაფაელს საკუთარ საჯარიმო მოედანზე ბურთი ხელზე მოხვდა, რაც მთავარ არბიტრს ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია. მარკ კლატენბურგმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. ბურთთან „ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი მივიდა და 34-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა — 0:1. ტაიმი მერსისაიდული გუნდის მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ კოშმარულად დაიწყო. 46-ე წუთზე სტუმართა უელსელი ნახევარმცველი ჯო ალენი ფილ ჯონსმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე წააქცია. კლატენბურგმა უყოყმანოდ მეორე პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის შესრულება ამჯერადაც ჯერარდმა ითავა და კვლავ გაიტანა — 0:2. მასპინძელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ხუთ წუთში მერსისაიდელთა მცველმა გლენ ჯონსონმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა, თუმცა არბიტრმა მომენტი უყურადღებოდ დატოვა. სამაგიეროდ, 78-ე წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით მესამე პენალტი დაინიშნა. მომენტის განმეორებით ჩვენებაზე გამოჩნდა, რომ ნემანია ვიდიჩს სტარიჯი არ წაუქცევია, თუმცა კლატენბურგმა თამაშის წესის დარღვევა მიიჩნია, სერბი მცველი გააძევა და თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. ჯერარდის დარტყმული ამჯერად კარის ძელს მოხვდა. რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩენილმა „ლივერპულმა“ სათამაშო უპირატესობა იგდო ხელთ. გაფუჭებული პენალტიდან ორიოდე წუთში სტარიჯი მართლაც წააქციეს „წითელი ეშმაკების“ საჯარიმოში, თუმცა კლატენბურგმა მომენტი უყურადღებოდ დატოვა. „ლივერპულმა“ მესამე გოლი მაინც გაიტანა. შედეგიანი კომბინაცია მეკარესთან ერთი ერთზე გასულმა სუარესმა დააგვირგვინა. მართალია, მასპინძლები თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას მოითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა გოლი ჩათვალა — 0:3.
ამრიგად, „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდებულ სტილში გამანადგურებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მერსისაიდელებმა 62 ქულას მოიყარეს თავი და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას დაუბრუნდნენ. რაც შეეხება დევიდ მოიესის გუნდს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 48 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა.
ინგლისის პრემიერლიგა
30-ე ტური
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ლივერპული“ 0:3 (0:1)
„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, რაფაელი, ჯონსი, კერიკი, ფელაინი (კლევერლი 76′), იანუზაი (უელბეკი 76′), ვან პერსი, რუნი, მატა (ფერდინანდი 87′).
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
„ლივერპული“: მინიოლე, ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ფლანაგანი, ჯერარდი (ლუკას ლეივა 86′), ალენი, ჰენდერსონი, სტერლინგი (კოუტინიო 72′), სუარესი, სტარიჯი (ასპასი 90+2′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
გოლები: ჯერარდი 34′ (პენ), ჯერარდი 46′ (პენ), სუარესი 84′.
გამოუყენებელი პენალტი: ჯერარდი 78′ (ძელი).
გაფრთხილებები: რაფაელი 32′, ვიდიჩი 71′ — ფლანაგანი 31′, ჯერარდი 37′, შკრტელი 54′.
გაძევება: ვიდიჩი 78′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.
ბექა დოგრაშვილი